საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკაში ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძლიერეს სამეულშია!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გვაცნობებს, რომ მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს  ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 25-ე სასწავლო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც  ქალაქ ვარშავაში ჩატარდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს - კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს, გიორგი კლდიაშვილმა და ალექსანდრე ხოხიაშვილმა ვერცხლის, ხოლო ვანო გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდს ხელმძღვანელობდნენ  პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი მანდარია და   პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.

სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და მიღწეული შედეგებით  მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. მიღებული გამოცდილება დაეხმარება ჩვენს ნაკრებს ინფორმატიკის 30-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც 1-8 სექტემბერს იაპონიაში გაიმართება.


ზემოთ